top of page
Search

ადიქცია (დამოკიდებულება), როგორც თავის ტვინის დამაჯილდოებელი სქემის ცვლილება

Updated: Mar 10, 2020





"ადიქცია, იგივე დამოკიდებულება, ტვინის ქრონიკული დარღვევაა და არა ქცევითი პრობლემა." ამერიკის ადიქციის სამედიცინო საზოგადოებამ (The American Society of Addiction Medicine (ASAM)) ოთხწლიანი კვლევითი პროცედურების შემდეგ, რომელშიც 80-ზე მეტი ექსპერტი იყო ჩართული, გამოაქვეყნა ადიქციის ახალი განმარტება.

"ადიქცია თავისი არსით არ არის სოციალური, მორალური ან კრიმინალური პრობლემა. ეს არის ტვინის ფუნქციონირების პრობლემა, რომლის შედეგები ზემოთჩამოთვლილ არეალებში მანიფესტირდება. " - აღნიშნავს დოქტორი მაიკლ მილერი (Dr. Michael Miller), ASAM-ის ყოფილი პრეზიდენტი. "ადიქციის შედეგად განხორციელებული ქცევა ხშირად პრობლემურია, ზოგჯერ კი კრიმინალურიც, მაგრამ დარღვევა ტვინის უბნებიდან მომდინარეობს, ანუ დარღვევა შინაგანია და არა გარეგანი."


ახალი განმარტება ადიქციას აღწერს, როგორც პირველად დარღვევას, ანუ დარღვევას, რომელიც არ აღმოცენდება სხვა პრობლემების შედეგად, მაგალითად ემოციური ან ფსიქიკური პრობლემების შედეგად. ახალი განმარტებით ადიქცია ქრონიკულია და ის საჭიროებს სიცოცხლის მანძილზე მუდმივ მეთვალყურეობას.

ადიქციური დარღვევის დროს თავის ტვინში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების დაფიქსირებამ, აუცილებელი გახადა ადიქციის განმარტების გადახედვა . ის, რაც კვლევებით დადასტურდა, ესაა თავის ტვინში არსებული დაჯილდოების (განმტკიცების) მიკროსქემის ცვლილება (შინაგანი განმტკიცების სქემა საბოლოოდ უძღვება ადაპტური ქცევისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესებს) იმგვარად, რომ დამოკიდებულების ობიექტთან ჩვენი წინა გამოცდილების მოგონებები უფრო მეტი ჟინისა და ადიქციური ქცევის გამომწვევი ხდება. სხვა სიტყვებით, რომელიმე ადიქტურ ობიექტთან (ალკოჰოლთან, ნარკოტიკულ ნივთიერებებთან, საკვებთან ან სხვ.) კავშირის მოგონება, გვიბიძგებს მისი დაჟნებული მოხმარებისკენ. საქმე ისაა, რომ თავის ტვინის ის მექანიზმები, რომლებიც იმპულსის კონტროლსა და გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი იცვლება, რის შედეგადაც ადიქციის ობიექტი (ალკოჰოლური სასმელი, ნარკოტიკული ნივთიერება, თამაში, საკვები, სექსი, ფული და ა.შ.) ჯილდოდ აღიქმება.


კამათი მიმდინარეობდა იმაზე, აქვს თუ არა ადიქციური დარღვევის მქონე ადამიანს ქცევის არჩევის საშუალება, ანუ არის თუ არა ადიქცია არჩევანი. ადიქცია უარესობისკენ ცვლის ფიქრის, შეგრძნებისა და აღქმის პროცესებს. მარტივად რომ ვთქვათ, ის ჩვენი არჩევანი არ არის. ადიქტური ქცევა დარღვევის მანიფესტაციაა და არა ამ დარღვევის საფუძველი (Dr. Raju Hajela 2011).


მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოჯანმრთელებისა და მკურნალობის არჩევანი ჩვენს ხელთაა. მართალია, არ არსებობს რაიმე ერთი კონკრეტული მედიკამენტი, რომლის მიღებაც ადიქციას განკურნავდა, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ჩვენი გადაწყვეტილებისა და არჩევანის საფუძველზე დავამარცხოთ არასასურველი მდგომარეობა სხვადასხვა თერაპიის საშუალებით და გამოვჯანმრთელდეთ (Hajela 2011).


უმნიშნელოვანესია, შევწყვიტოთ მორალიზება, დადანაშაულება, მუდმივი მკაცრი კონტროლი ან ირონია იმ ადამინების მიმართ ვინც ავლენს ადიქტურ ქცევას. საჭიროა, შევქმნათ შესაძლებლობები ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის, რომ მიიღონ დახმარება და ასისტირება სათანადო მკურნალობის მიღებასა და მექანიზმების შერჩევაში (Miller 2011).




თარიღი: 15.08. 2011 წყარო: livesince.com by Live Science Staff ფოტო: Emma Vought



შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ ლიტერატურაში არსებობს ადიქციის სხვაგვარი გაგებაც.










3,137 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page