როგორ ვიზრუნოთ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე გლობალურ კრიზისულ სიტუაციებში
- mental body
- Mar 12, 2020
- 2 min read
Updated: Mar 23, 2020

არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ ადამინებს ყველაფერში სიცხადე სურთ, იქნება ეს საგნები, მოვლენები თუ სხვა. ყოველთვის გვსურს ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს გარშემო, როდის, რატომ და ა.შ.. მაშინ, როცა ჩვენს ყოველდღიურობაში გაურკვევლობები წარმოიქმნება ან როცა უბრალოდ თავს დაცულად არ ვგრძნობთ, ნორმალურია, რომ სტრესის დონემ მოიმატოს. ეს ხშირი და ბუნებრივი დამცავი რეაქციაა, მაგრამ თუ ამ რეაქციას არ ვმართავთ, შესაძლოა, მას ჩვენთვის გამანადგურებელი ეფექტი ჰქონდეს.
ძალიან ხშირად, შფოთვას იწვევს იმის განცდა, რომ რასაც ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ, სინამდვილეში ვერ ვაკონტროლებთ. ასეთი შეიძლება იყოს ჩვენი რაიმე ვირუსით დაინფიცირება ან ვირუსის გადადება. ახალი კორონავირუსის პანდემიური გავრცელების პირობებში ადამიანები სამომავლო ვითარებისა და სტრესის თავიდან აცილების წინაშე უძლურებას გრძნობენ. ასეთ დროს წარმოქმნილი გაურკვევლობა, ხშირად აღწევს ჩვენი ცხოვრების სხავდასხვა ასპექტებში ან გვახსენებს იმ დროს, როცა თავს დაუცველად ვგრძნობდით და უახლოესი მომავალი ჩვენთვის გაურკვეველი იყო. ესეთი მოვლენები ჩვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის დიდი დარტყმაა. თუმცა ხშირად ამ დარტყმას ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე, ვერც კი ვამჩნევთ. ასეთ დროს ჩვენ შეიძლება ვიყოთ ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაღიზიანებულები, დაძაბულები, გაბრაზებულები ან სევდიანები. შეიძლება გრძნობდეთ მეტ იმედგაცრუებას ან ბრაზს სხვების მიმართ; თავიდან ირიდებდეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ. ხოლო მათ ვისაც უკვე აქვს მენტალური დარღვევა, შეიძლება გაზრდილი ჰქონდეთ დეპრესიის დონე, შფოთვა, უფრო ნაკლები მოტივაცია ჰქონდეთ ყოველდღიური საქმინობისთვის.
მნიშნელოვანია იმის ცოდნა, რომ უმწეობის განცდის გადალახვა, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების და გაურკვევლობის პირობებშიც შესაძლებელია. აქვე, რამდენიმე რჩევა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:
1. გამიჯნეთ ერთმანეთისგან ის, თუ რა არის თქვენი კონტროლის ქვეშ და რა არ არის.
ვირუსული პანდემიის დროსაც კი არსებობს ისეთი რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რისი კონტროლიც შეგვიძლია და რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ასე რომ უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ ამგვარ ქმედებებზე. მაგალითად ხშირად ვიბანოთ ხელები, შევახსენოთ სხვებს ხელების დაბანა, ექიმის რჩევით მივიღოთ საჭირო ვიტამინები თუ მედიკამენტები, თავი ავარიდოთ არასაჭირო ინფორმაციას და არასანდო, გადაუმოწმებელ "სიახლეებს", ყურმოკრული საუბრების გავრცელებას.
2. გააკეთეთ ის, რაც დაგეხმარებათ თავი დაცულად იგრძნოთ.
ეს ყველასთვის ინდივიდუალურია და აქ მნიშვნელოვანია, რომ არ შევედაროთ სხვებს. სავსებით მისაღებია თუ გადავწყვეტთ უარი ვთქვათ მეგობართან ერთად სადმე წასვლაზე, გადავწყვიტოთ საკვების მომარაგება ან სხვა მსგავსი რამ, თუ კი ეს თავს დაცულად გვაგრძნობინებს.
3. ისეირნეთ ჰაერზე.
მზის სხივები, ჟანგბადი, ფიზიკური აქტივობა ძალიან სასარგებლოა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ვირუსების დროსაც კი.
4. დარჩით აწმყოში
შესაძლოა თქვენი მღელვარება იყოს არა კონკრეტული და ფიქსირებული რაიმე ერთ ცალსახა საკითხზე, არამედ ის იყოს ზოგადი და შერეული, რაშიც მოიაზრება აწმყოსა და მომავლის განვითარების ზოგადი საკითხები. თუ აღმოაჩენთ, რომ ღელავთ იმაზე, რაც არ მომხდარა, შეეცადეთ, თქვენი ფიქრები აწმყოში დააბრუნოთ. თუ მომავლის მიმართ პანიკური შიში გიპყრობთ და გიჭირთ აწმყოზე კონცენტრირება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი ხერხი: როგორც ხართ და სადაც ხართ, იმ მომენტში ამოირჩიეთ საგანი, რასაც შეხედავთ, კონკრეტული ხმა, რასაც გაიგონებთ, გემო რისი შეგრძნებაც შეგიძლიათ და სხვა სენსორული სტიმულები (შეხება, სუნი) და დაარქვით მათ სახელები.
5. იყავით კონტაქტზე
ესაუბრეთ ახლობლებს თქვენ განცდებზე, შიშებზე, გაუზიარეთ თქვენი იდეები ან გამოცდილებები, რაც სტრესული სიტუაციის მართვაში გეხმარებათ ან ჰკითხეთ რჩევა სხვებს.
გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ამ პრობლემის წინაშე.
თარიღი: 11/03/2020
ავტორი: Doreen Marshall, Ph.D. ფოტო: https://afsp.org/
წყარო: https://afsp.org/
სტატია ქართულ ენაზე მოამზადა თეონა პაპინაშვილმა
12 მარტი, 2020.
Comentarios